ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციურ პარტიათა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს წარმოადგენს.

„ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს.

მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „გამარჯვებული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“, „ევროპული საქართველო“, „ემსახურე საქართველოს“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კანონი და სამართალია“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ​„ქრისტიან-კონსერვატორები“.