ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს [ვიდეო]

რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, დაჩი ბერაიასა და ეკა სეფაშვილს მედიასთან კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა.

ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი და ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის“ წევრებთან მივიდნენ შეძახილებით, „არა რუსულ კანონს“. მათ არ მისცეს საშუალება, კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ეპასუხათ.

როგორც რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მანდატის ფარგლებში გააკეთებენ ყველაფერს და ყველა ჯერზე შეახსენებენ მათ, რომ არიან რუსული კანონის ავტორები.

„ჩვენი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ეს არ არის გუნდური გადაწყვეტილება. ეს არის პირადი, პერსონალური პასუხისმგებლობა, აწერთ თუ არა ხელს ქვეყნის რუსიფიკაციას და დამოუკიდებლობის წართმევას. ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველა ჯერზე გამოვიყენებთ შესაძლებლობას და შევახსენებთ ამ ადამიანებს, რომ არიან რუსული კანონის ავტორები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.