ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტრო კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაკეტა და ადგილი აქვს რეპრესიებს.
ისინი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, საზედამხედველო ფუნქცია შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვენ, ელისო ბოლქვაძეს იუნესკო-ს მშვიდობის ელჩის ტიტული ჩამოერთვას.
„კულტურის სფეროში სერიოზული კრიზისი დგას. შეიძლება, ჩიხიც კი ვუწოდოთ ამ მდგომარეობას, როდესაც აბსოლუტურად დახშულია კომუნიკაცია და ჩამკვდარია დიალოგი კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის. ყველაზე მავნე და გამანადგურებელი ამ სფეროსთვის არის ის, რასაც ცენზურა ჰქვია და, რომლის მცდელობის არაერთ მაგალითს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ. დავინახეთ მათ შორის „ლიტერასთან“ და მწერალთა სახლთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა აღასრულოს თავისი მოვალეობა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ მტრული გარემოს, ცენზურისა და სხვა უამრავი შემაფერხებელი გარემოების გამო მოვითხოვთ, რომ მას იუნესკო-ში მშვიდობის ელჩის ტიტული ჩამოერთვას. ადამიანი, რომელიც კულტურის სფეროში მიმდინარე რეპრესიებზე თვალს მოხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს“, – განაცხადა პაატა შამუგიამ.