ოპოზიციის მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია“ დავით ქაცარავას საკითხზე მსჯელობს
ოპოზიციის მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია“ დავით ქაცარავას საკითხზე მსჯელობს

ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია“ დღეს დავით ქაცარავას საკითხს იხილავს.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დღეს იხილავენ დავით ქაცარავას წინააღმდეგ დაწყებულ სამართალწარმოებას.

მისივე თქმით, კომისიის წევრები მოუსმენენ ქაცარავას მის მიმართ ძალადობის მუხლით აღძრულ საქმეზე.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრის, დავით ქაცარავას განცხადებით, მის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება პოლიტიკურ დევნას უკავშირდება, რადგან მისი შეფასებით, შესაბამის უწყებებს არ სურთ, რომ მისმა მოძრაობამ განახორციელოს საოკუპაციო ხაზთან ის აქტივობები და მონიტორინგი, რომელსაც ახორციელებს. ქაცარავას თქმით, მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეუთვალეს, რომ ეს აქტივობები შეეწყვიტა.

ოპოზიციის მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისიის“ წევრების განცხადებით, წინა შეხვედრაზე მათ ისაუბრეს გიგი უგულავას საქმეზე, რომელზეც მათი შეფასებით, ასევე პოლიტიკური დევნა განხორციელდა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე არა არის დაგეგმილი, თუმცა პარალელურად კომისია ადგენს იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ჩინოსნების სახელებს, რომლებიც მათი განცხადებით, ჩართულები არიან პოლიტიკური დევნის პროცესში. კომისიის წევრების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მათი დასჯა მოხდება, ამის მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს ამ პირების სახელები.