ოპოზიციაში არ აკონკრეტებენ, გაიმართება თუ არა დღეს პარლამენტის შენობასთან პიკეტირება
ოპოზიციაში არ აკონკრეტებენ, გაიმართება თუ არა დღეს პარლამენტის შენობასთან პიკეტირება

პიკეტირება გაგრძელდება, იქნება ეს დღეს ან ხვალ, ყოველთვის ყველგან სადაც იქნება „ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას, სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან.

„სახალხო დამცველი მიმართავს ეუთო-ს, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ ვენეციის კომისიას, წესით და რიგით ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა აეღო, თუმცა ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლოდ და უგუნურად იქცევიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო-ს მხრიდან იქნება დადებითი დასკვნა, რადგან არაერთმა ექსპერტმა, უკვე დაადასტურა ვერსია, რაც ოპოზიციამ შესთავაზა ივანიშვილს. ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისია კონსტიტუციასთან, მოგვცემდა ყველაზე სწრაფ და ყველაზე მარტივ შესაძლებლობას, ქვეყანა გამოსულიყო ღრმა პოლიტიკური პროცესებისგან. პიკეტირება გაგრძელდება, იქნება ეს დღეს ან ხვალ, ყოველთვის, ყველგან, სადაც იქნება „ქართული ოცნება“. ოპოზიცია, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ვცდილობთ, მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმოქმედოთ სრულ ოპოზიციურ სპექტრთან. ეს არ არის ერთი პარტიის პროცესი, ეს არის საზოგადოებრივი პროტესტი და ამიტომ არის მნიშვნელოვან. აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ყველგან შევუქმნით დისკომფორტს ივანიშვილს, ვიდრე არ შეასრულებს დანაპირებს, რაც თავად გასცა და ეს არის სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ხალხის მოთხოვნა.

„დღეს რა იქნება ვერ გეტყვით , გაგრძელდება პროტესტი იქამდე სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც ითხოვს საქართველოს მოქალაქე, პატიოსან, გამჭირვალე დასავლურ სტანდარტების შესაბამის არჩევნებს, რომელიც იქნება მყარ სამართლებრივ და სამართლებრივ ფუნდამენტზე დაფუძნებული“, – განაცხადა ვაშაძემ.