ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ ფოთში აღმოჩენილი დარღვევები კორუფციის შედეგია
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ ფოთში აღმოჩენილი დარღვევები კორუფციის შედეგია

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნის განხილვას ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ ხელისუფლება უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და აუდიტის მიერ აღმოჩენილი ხარვეზები სწორედ ამით ახსნა.

ოპოზიცია იზიარებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოყვანილ შეფასებას იმის შესახებ, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები მოქმედებდნენ არა კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე.

„აუდიტის დასკვნაში მცირე ნაწილი არის გადმოცემული, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც კი წლების წინ დაიწყო, გაჩერებულია თანხის გაფლანგვის გამო. „ქართული ოცნება“, საკრებულოს თავმჯდომარე და მერი თავს იწონებენ, რომ ყველა მშენებელ კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტეს და საქმე სასამართლოშია. ეს არის ამათი პასუხი. უნიათობასთან ერთად კორუფციაა,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი მერი ირაკლი კაკულია მიიჩნევს, რომ საქმის კეთებას მცირედი ხარვეზები ყოველთვის თან ახლავს.

„აუდიტის დასკვნის რეკომენდაციებს ვეთანხმებით, ის აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. ვინც რეალურად აკეთებს საქმეს, მას ყოველთვის აქვს პატარა ხარვეზები, რაც ასახულია კიდევაც დასკვნაში. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული ხარვეზები გამოასწოროს“,- განაცხადა კაკულიამ.