„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციებს „დიდუბისა“ და „სამასი არაგველის“ მეტროსადგურებთან გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციებს „დიდუბისა“ და „სამასი არაგველის“ მეტროსადგურებთან გამართავს

ქართული ოპოზიციის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების ანკესზე წამოგება, პროვოკაციაში ჩათრევა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, –  ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ ოპოზიციის აქცია ორ ლოკაციაზე, მეტროსადგურ „დიდუბესა“ და „300 არაგველთან“ გაიმართება.

„უკვე ყველანი ვრწმუნდებით, რომ მწვავე, არაძალადობრივი, ყოველდღიური, დისციპლინირებული, უწყვეტი პროტესტი თავის შედეგს იღებს და ის არაძალადობრივი ფორმა, რომელიც არ შედიოდა და არ შედის რეჟიმის გეგმებში, მაგრამ შედის ამ ქვეყნის მომავლის გეგმებში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შუალედური ამოცანა არის უახლოეს პერიოდში ჩვენთვის შესასრულებელი და გადასაწყვეტი, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დახსნას საპყრობილიდან. მე მივესალმები, მისი მეგობრები მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა და წაიკითხა მისი წერილი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა, რასაც ყოველდღიურად გეგმავდა რეჟიმი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად, ჩვენი ამოცანა არის, გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა, ვიყოთ – დასავლური ცივილიზებული სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება, არამედ ეს არის ძღვენი პუტინთან. ეს ძღვენი დიახაც არის ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული. მაგრამ არაუშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის, მოთმენითა და არაძალადობრივი, ხანგრძლივი, მწვავე პროტესტით. ამიტომ გეგმა უცვლელია. ხვალ ჩვენ შევიკრიბებით ორ გეოგრაფიულად განსხვავებულ წერტილში თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან 14:00 საათზე და დიდუბის მეტროსთან, ქვედა შესასვლელ-გამოსასვლელთან 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გამარჯვებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.