ოპოზიცია აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულომ აღმაშენებლის ძეგლის საკითხი „ქართული მარშის“ კარნახით განიხილა
ოპოზიცია აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულომ აღმაშენებლის ძეგლის საკითხი „ქართული მარშის“ კარნახით განიხილა

ბათუმში, საკრებულოს სხდომაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხის განხილვას ხმაური მოყვა. ქალაქის მერიამ ძეგლისთვის ადგილი აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში შეარჩია.

ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არ არის ოპოზიცია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულომ და მერიამ „ქართული მარშის” კარნახით განიხილეს.

„ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ საინტერესოა, თუ შეათანხმეთ ადგილი ურბანისტებთან,  თუ ჰკითხეთ ბათუმელებს აზრი. ოთხ უზარმაზარ კორპუსს შორის ძეგლის დადგმა თქვენ „ქართულ მარშთან“ და ნეოფაშისტურ ელემენტებთან, პრორუსულ ძალასთან შეთანხმებით გადაწყვიტეთ, „ქართულმა მარშმა“ დაგიქნიათ თითი, თქვენ შეხვდით მათ წარმომადგენლებს”,–განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

„არ მინდოდა ამის გახსენება, მაგრამ 2005 წელს, თბილისში აღმაშენებლის ძეგლი თქვენი ლიდერის ხუშტურებით, შესანიშნავი ადგილიდან დიღომში რომ გადაიტანეს, ვინმეს ჰკითხეთ აზრი?”,-უპადუხა ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ.

„თქვენ იცით, რომ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებთან მოხდა შეთანხმება, მაგრამ დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ძეგლის დადგმის წინააღმდეგია. ადგილის შესახებ შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება”-განაცხადა მერიის წარმომადგენელმა, ირაკლი პატარიძე, რომელმაც საკითხი საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა .

ოპოზიციამ სხდომა დატოვა, უმრავლესობამ კი კენჭისყრის საფუძველზე ერთხმად დაუჭირა მხარი აღმაშენებლის ქუჩაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის წინადადებას.