ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის წარდგენას გეგმავს
ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის წარდგენას გეგმავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთიანი კანდიდატის დასახელებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„გრძელდება კონსულტაციები, ჩვენ უნდა დავდგეთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და დავასახელოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან და არა ბიძინა ივანიშვილთან, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, ჩვენ ერთობლივად წარვადგენთ კანდიდატს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გია აბულაძემ.

ერთიანი კანდიდატის წარდგენის შესახებ მზადყოფნა გუშინ ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმაც გამოთქვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი კანდიდატია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს განახლდა.