ოპოზიცია „15 მაისის შტაბს“ ქმნის  
ოპოზიცია „15 მაისის შტაბს“ ქმნის  

ჩვენმა კოლეგებმა ძალიან დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ ისინი ჩაშლილ შეხვედრებს, ერთმნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ მართლა არანაირ კომპრომისზე არ იყო მზად, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ზურაბ ჯაფარიძემ წამოაყენა წინადადება, რათა რაიმენაირი კითხვის ნიშნები, რასაც „ქართული ოცნება“ თესავს, მოიხსნას იმასთან დაკავშირებით რომ ნამდვილად არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას იმ პირობების შესრულების გარეშე, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

„კიდევ ერთხელ ყველა დეპუტატმა მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს იმ ადამიანების გადასაწყვეტია, ვისაც აქვს კონკრეტული მანდატები. მე არც საწინააღმდეგო მაქვს ამისი რამე და არც ამის აუცილებლობას არ ვხედავ, რადგან ერთხელ უკვე ამ ადამიანებს მანდატებზე უარი ნათქვამი აქვთ, წესით და რიგით ეს სრულიად საკმარისია, მაგრამ გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა რა თქმა უნდა, ექნება იმას, რაც ზურამ თქვა. ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ ვერავის იყიდის ახლა და ვერავის ვერ შეიტყუებს პარლამენტში, რადგან ელისაშვილის გზის განმეორება არამგონია ვინმე ჭკუათმყოფელს უნდოდეს. დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ „ქართული ოცნება“ კონკრეტულ რაიმე სიახლეზე წამოვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან ნინო ბურჯანაძემ 15 მაისის აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდება საბოლოოდ 15 მაისის შტაბი, ყველა ლიდერი გადაინაწილებს რეგიონებს, იქნება შეხვედრები.

„შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის კოვიდის თვალსაზრისითაც და ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს დავინახავთ თბილისის ქუჩებში. უახლოეს ხანებში უკვე რეგიონებში გასვლა დაიწყება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.