ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა

9 ნოემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

მსმენელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკის მდიდარი მემკვიდრეობიდან მასშტაბური სიმფონიური ქმნილებები მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი სოლისტების მონაწილეობით.

ღონისძიების პროგრამაში იყო სავიოლინო კონცერტი, konzertstuck DEJA VU, ჩელოს კონცერტი, N1 სიმფონია.

კომპოზიტორის საიუბილეო შემოქმედებითი საღამოსთვის პირველად საქართველოს ეწვივნენ  ვიოლონჩელისტი გერმანიიდან – ალექსანდრ პირიევი და მევიოლინე ყაზახეთიდან – აიდა აიუპოვა. შემოქმედებით საღამოში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი და ოპერის ორკესტრი, მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მრავალმხრივი შესაძლებლობების მუსიკოსის შემოქმედებაში სიმფონიური მუსიკის ჟანრი დომინანტური მნიშვნელობისაა ფილოსოფიური შინაარსის შექმნის უნარის წარმოჩენის თვალსაზრისით, რადგან სწორედ ამ რთულ და მასშტაბურ სამუსიკო გარემოში ხდება კომპოზიტორის მხატვრული ენერგიის აკუმულირება.

შემოქმედებითმა საღამომ მსმენელს საშუალება მისცა, ახლოს გაეცნო თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის საინტერესო, მდიდარი, მიმზიდველი და მრავალფეროვანი სამყარო.

საღამოს დასასრულს კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მადლობა გადაუხადა მაყურებელს, ოჯახს, ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.

„სიამოვნებით შევქმენი სამნაწილიანი საკრავიერი კონცერტი. მსურდა, მუსიკითაც გადმომეცა ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და მენტალიტეტისთვის მახასიათებელი ევროპულ-აღმოსავლური წინამძღვრები. ამიტომაც დაიტვირთა სამუსიკო ქარგა განსხვავებული შინაარსის თემებით“, – აღნიშნა კომპოზიტორმა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.