„ოპეკ +“-ის ქვეყნები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტერიალის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ „ოპეკ +“ ნავთობის მოპოვებას დღიურად 100 000 ბარელით გაზრდის.
დასავლური მედია წერს, რომ ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მცირეა ნავთობის კარტელის ისტორიაში და დასავლეთის დედაქალაქებში სავარაუდოდ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
„საუდის არაბეთი წარმოების მცირე ზრდას დათანხმდა, რადგან ის ცდილობს, მოაწესრიგოს კავშირები დასავლელ მოკავშირეებთან, რომლებიც ცდილობდნენ დისტანცირებას ოთხი წლის წინ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. მაგრამ ის ასევე აბალანსებს ურთიერთობას რუსეთთან, რომელიც 2016 წლიდან პარტნიორობს „ოპეკის“ ჯგუფთან. წარმოების მცირე ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს ფასებს“, – წერს „ფაინენშელ თაიმსი“.