ონტარიოს პრემიერმა ტრამპის მიერ ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევის საპასუხოდ, აბრა დადგა – „ონტარიოს ტბა – ახლა და ყოველთვის”

22:56, 29.08.2026

ონტარიოს პრემიერმა, დაგ ფორდმა ონტარიოს ტბასთან დიდი აბრა გახსნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტბისთვის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილება მიიღო და მას „ამერიკის ტბა“ უწოდა.

ფორდის განცხადებით, ტბის სახელი, რომელიც 400 წელზე მეტი ხნისაა, არ შეიცვლება და კანადა მას კვლავ „ონტარიოს ტბად“ მოიხსენიებს.

„ეს ყოველთვის იქნება ონტარიოს ტბა. ახლა და სამუდამოდ. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, რაც უნდა, ის უწოდოს, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ მთელი დანარჩენი მსოფლიო მას ყოველთვის ონტარიოს ტბას უწოდებს. არაერთი ზარი მივიღე შტატების გუბერნატორებისგან. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მას ყოველთვის ონტარიოს ტბას ვუწოდებთ და, რა თქმა უნდა, კანადაც ყოველთვის ონტარიოს ტბას უწოდებს. ასე რომ, ეს არის ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ ტრამპისთვის. ჩვენ გამძლე და ძლიერი კანადელები ვართ და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყოველთვის და არასოდეს, არასოდეს დავიხევთ უკან მოძალადის წინაშე“, – განაცხადა ფორდმა.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ დაარქვა. აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. გასულ კვირას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რაშიც მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მსგავსი