ონტარიოს პრემიერ-მინისტრი – სამარცხვინოა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ჩვენ გვადანაშაულებს, გსურთ, ტყეები გავწმინდოთ? მაშინ მოგვეცით საშუალება, წიწვოვანი ხე-ტყე აშშ-ში გავგზავნოთ, ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებდა

01:39, 19.07.2026

ჩემთვის სამარცხვინოა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და კონგრესის ზოგიერთი წევრი ასეთ წერილებს წერენ, ჩვენ გვადანაშაულებენ, – ამის შესახებ კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა კანადის ტყის ხანძრებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც დაგ ფორდმა აღნიშნა, ონტარიოში ამჟამად 191 აქტიური ტყის ხანძარია, აქედან 73-ის შემთხვევაში ცეცხლი ჯერ კიდევ უკონტროლოა და ამ ფონზე აშშ-ის რიტორიკა, მუქარა და კრიტიკა მიუღებელია.

„არ უნდა დაიწყოთ მუქარა და კრიტიკა, რადგან ერთ დღეს თქვენი ჯერიც დადგება და ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩამოვალთ, რომ ჩვენს მეზობლებს დავეხმაროთ. სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ მეზობლები. მიუღებელია რიტორიკა, რაც ახლა იქიდან გვესმის. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ყველა ამერიკელს არ ეხება. ამერიკელებს კანადელები უყვართ და ჩვენ, კანადელებსაც გვიყვარს ამერიკელები, თუმცა კომენტარები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ. მგონი, კარგი იდეა მაქვს პრეზიდენტ ტრამპისთვის: რატომ არ აუქმებთ წიწვოვან ხე-ტყეზე დაწესებულ ტარიფებს? რადგან იმ ხე-ტყის დაახლოებით 30-33%, რომელსაც თქვენ მშენებლობებში იყენებთ, კანადიდან მოდის. გსურთ, ტყეები გავწმინდოთ? მაშინ გახსენით ბაზარი და მოგვეცით საშუალება, წიწვოვანი ხე-ტყე აშშ-ში გავგზავნოთ. ეს ბევრ იმ პრობლემას მოაგვარებდა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ“, – განაცხადა დაგ ფორდმა.

ონტარიოს პრემიერის განცხადებით, მისი პირველი და მთავარი პრიორიტეტი ადამიანების დაცვაა და, შესაბამისად, ონტარიოს მთავრობა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და ხალხის ევაკუაციისთვის თანხებს არ დაზოგავს. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზების მცდელობა და თამაში მაშინ, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, შემაშფოთებელია.

„არ არსებობს თანხის ლიმიტი, როცა საქმე ადამიანების მხარდაჭერასა და გადარჩენას ეხება. წელს თუ ამისთვის 500 მილიონი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო, დაე, ასე იყოს. ჩემს მინისტრებს მკაფიო დავალება მივეცი, საერთოდ არ მაინტერესებს, რა დაჯდება ეს. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხალხის დაცვაა“, – განაცხადა დაგ ფორდმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადას ხანძრების გამო გადასახადების გაზრდით დაემუქრა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, შეერთებული შტატები კანადას „პასუხისმგებლობას აკისრებს ტყეების არასათანადო მართვის გამო“. მისი თქმით, ეს იწვევს „გაუმართლებელ დაბინძურებას, არაჯანსაღ და საშიშ ჰაერს, რომელიც შეერთებულ შტატებში შედის“.

ტრამპს მიაჩნია, რომ ეს „განზრახ დაუდევრობაა“, რომელიც, მისი თქმით, „ყოველწლიურ მოვლენად იქცევა და შეერთებულ შტატებს მილიარდობით დოლარი უჯდება“. ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაბინძურების ღირებულება უნდა დაემატოს კანადის მიერ ამჟამად გადახდილ საბაჟო გადასახადებს.

მსგავსი