ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ონის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება.

ამასთან, მათივე ცნობით, სამუშაოები მოიცავს ძველი და ახალი „ჟიჟორეთის“ სათავე ნაგებობების და დამალული ჭების რეაბილიტაციას, მათთან დამაკავშირებელი სადაწნეო მაგისტრალისა და სანიტარული დაცვის ღობის აღდგენას, შემკრები ჭებისა და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის შეცვლას.

„პარალელურად, იგეგმება სატუმბი სადგურის მოწყობა სოფელ ღარში და საფილტრი სადგურის მშენებლობა წმინდაურში. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქვედრულასა და წმინდაურას შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის მოწყობას, წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას, 20 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობას და 1 500 აღრიცხვის კვანძის დამონტაჟებას. ამ დროისთვის საერთო სამშენებლო სამუშაოების 30 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 19 მილიონი ლარია, რომელიც სრულად სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც, დაახლოებით 3 700 ბენეფიციარი 24 სთ-იანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.