ონში ქართველი შინდლერისა და  ჰოლოკოსტის ხსოვნის მონუმენტი გაიხსნა
ონში ქართველი შინდლერისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის მონუმენტი გაიხსნა

„ისრაელის სახლისა“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ონში, კულტურის სახლის ეზოში ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მსოფლიო ცენტრის მიერ მართალად აღიარებული სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა.

ღონისძიება ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდა და მისი მხარდამჭერი ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია AEPJ.

მონუმენტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა და ისრაელელმა სტუმრებმა მიიღეს. მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე პირდაპირი ჩართვით ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ქნესეთის იმიგრაციის, აბსორბაციისა და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ დავიდ ბიტანმა მიმართა. ის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაუს პარტია „ლიქუდის“ ერთ-ერთი ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს „ისრაელის სახლი“ ღონისძიებებში.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ნაწილში, სადაც არ ყოფილა ჰოლოკოსტი, ონი გახდა ის ქალაქი, სადაც გაიხსნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი. ამ მოვლენას უკვე აქვს დიდი გამოხმაურება ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში. „ისრაელის სახლი“ მუშაობს ქვეყნებს შორის კავშირების შექმნაზე და ქართველი შინდლერის სახელის უკვდავყოფა, ამ მონუმენტის და საერთოდ ონის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში ჩართვა კიდევ ერთი ძლიერი ხიდია საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის.

მონუმენტის გახსნის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ონის სინაგოგაში გადაინაცვლეს, რომელსაც წელს 125 წელი შეუსრულდა. ის საქართველოში სიდიდით მესამე სინაგოგაა და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლადაა აღიარებული. „ისრაელის სახლმა“, რომელიც საქართველოში ევროსაბჭოს მიერ შექმნილი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ოფიციალური წარმდგენია, შექმნა ებრაული მემკვიდრეობის ონი-ლაილაშის მარშრუტი. ორგანიზაციის ინიციატივით, ახლად გახსნილი ჰოლოკოსტის მონუმენტი, ონის სინაგოგასთან ერთად, ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი გახდება. ეს იქნება, აგრეთვე, ახალი ტურისტული ატრაქცია რეგიონში, რომელიც მოიზიდავს უცხოელ ტურისტებს, მათ შორის ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან. მომავალში დაგეგმილია სოფელ უწერაში სერგი მეტრეველის საცხოვრებელ სახლზე აბრის გაკეთება, სადაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ორი ებრაელი თავს აფარებდა. დღის ბოლოს ონის კულტურის სახლში, ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნება. ახალგაზრდა მომღერალი ქრისტი ჯაფარიძე რამდენიმე ებრაულ სიმღერას შეასრულებს.

დატოვე კომენტარი