ონლაინვაჭრობა დღეიდან სრულად დაშვებულია
ონლაინვაჭრობა დღეიდან სრულად დაშვებულია

დღეიდან საქართველოში სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო). ასევე, დასაშვებია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.

ოპერირებისთვის კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ, რის საფუძველზეც უწყების ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს, ბიზნესოპერატორი იცავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ონლაინრეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 260-მდე ობიექტის შემოწმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვები იხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებსა და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.