თინათინ ბერძენიშვილი - ტრენინგის დასასრულს, ჯონათან სთოუნმენთან ერთად შევქმენით პირველი არხის სარედაქციო გაიდლაინი, მათ შორის, როგორ გაშუქდეს არჩევნები
თინათინ ბერძენიშვილი - ტრენინგის დასასრულს, ჯონათან სთოუნმენთან ერთად შევქმენით პირველი არხის სარედაქციო გაიდლაინი, მათ შორის, როგორ გაშუქდეს არჩევნები

ორკვირიანი ონლაინტრენინგი, რომელიც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერმა, ჯონათან სთოუნმენმა ჩაატარა, დღეს დასრულდა.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა არჩევნების გაშუქების საკითხებზე, სიზუსტესა და მიუკერძოებლობაზე იმსჯელეს. ასევე, შემუშავდა სარედაქციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მათ შორის არჩევნების გაშუქების საკითხებს მოიცავს.

ჯონათან სთოუნმენმა არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს საკუთარი გამცდილება გაუზიარა.

„ეს ტრენინგი ჩატარდა ჩვენი ჟურალისტებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებული იყო საარჩევნო პერიოდთან. ჩვენ „ბიბისის“ ტრენერს ვთხოვეთ, ჩვენს ჟურნალისტებთან იმ სტანდარტზე ესაუბრა, რის მიხედვითაც ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებს აშუქებს. რა არის ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც არჩევნების გაშუქების პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იცავდეს. მიმაჩნია, რომ საკმაოდ ნაყოფიერი იყო და იმედი გვაქვს, ამ ტრენინგის შედეგებს არჩევნების გაშუქებისას ვიხილავთ. შედეგი სწორედ არჩევნების მიუკერძოებელი და ზუსტი გაშუქება იქნება, რასაც ჩვენგან საზოგადოებაც მოელის და ჩვენც მოველით ამას საკუთარი თავისგან“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ტრენინგის ფარგლებში შეიქმნა პირველი არხის სარედაქციო გაიდლაინი.

„ერთწლიანი პროცესი, რომელსაც ჯონათან სთოუნმენთან ერთად გავდივართ, დასასრულს მიუახლოვდა. ეს ადამიანი ჩვენთან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა გარკვეულ პოსტულატებზე, დოკუმენტზე, რომელსაც უკვე შემდგომ, იმპლემენტაციის სახით ჟურნალისტებთან ერთად გავდივართ. ასე ვთქვათ, ამ წესებზე შეთანხმება მოხდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ჩარჩო, რომელშიც ოპერირებს და მოქმედებს, თუმცა ხშირად ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, ან შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ შიგნით, ჟურნალისტები რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ან იყოს რაიმე სახის გაუგებრობა. „ნათქვამს დაწერილი სჯობსო“ – ბოლო ტრენინგი ასე დასრულდა, ამიტომ შევქმენით დოკუმენტი, რომელიც იქნება პირველი არხის სარედაქციო გაიდლაინი, მათ შორის როგორ გაშუქდეს არჩევნები. შევთანხმდით ისეთ რთულ პოსტულატებზე, როგორიც არის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, რა არის სამართლიანობა და ა.შ. ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ.

შევთანხმდით იმაზე, რომ პანდემიის შემდეგ, ჯონათან სთოუნმენი საქართველოს  ეწვევა და ჩვენს ჟურნალისტებთან ერთად უკვე პრაქტიკში დაიწყებს ამ ყველაფრის განხორციელებას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველმა არხმა წინასაარჩევნოდ ჟურნალისტები გადაამზადა. ტრენინგები „ბიბისის“ ტრენერმა ჯონათან სთოუნმენმა დისტანციურ რეჟიმში ჩაატარა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, სიზუსტე, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება.

ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორისა და მკვლევრის პოზიციებს იკავებდა, საბოლოოდ კი BBC World Service-ის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანია Stonepeople Media-ს მართავს.

დატოვე კომენტარი