ონლაინსკოლა „ზურგჩანთა“ ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს უფასო სასწავლო პროგრამას სთავაზობს
ონლაინსკოლა „ზურგჩანთა“ ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს უფასო სასწავლო პროგრამას სთავაზობს

ონლაინსკოლა „ზურგჩანთა“ ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას სთავაზობს.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ონლაინსკოლა „ზურგჩანთა“ წარმოადგენს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც შექმნილია ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.

მათივე ინფორმაციით, სკოლაში რეგულარულად, კვირაში ორი საათი დატვირთვით ტარდება გაკვეთილები zoom-ის პლატფორმით მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასის მოსწავლეებისათვის.

„გარდა ამისა, მუშაობს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელშიც მოსწავლეები ეუფლებიან ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადების ამოცანების ამოხსნის ტექნიკას და სწავლობენ შესაბამის თეორიულ მასალას. სკოლაში სწავლება ძირითადად დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტების შექმნილი სასწავლო რესურსებით მიმდინარეობს (ელ-წიგნები, პრეზენტაციები, ტესტები და დავალებები).

სწავლების პროცესში ჩართული არიან ახალგაზრდა მასწავლებლები, რომლებიც უკვე ასწავლიან სკოლაში ან მომავალში სურთ მასწავლებლობა, რაც მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება.

ჩვენი ასოციაციის გამოცდილი წევრები კი წარმოადგენენ სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს, რომლებიც კოორდინაციას უწევენ სასწავლო პროცესს. სკოლაში სწავლა შეუძლია ქიმიით დაინტერესებული ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. უფრო მეტიც, მათ ერთდროულად შეუძლიათ რამდენიმე კლასში ისწავლონ, თუ შესაბამის პროგრამას დაძლევენ. მაგალითად, თუ მოსწავლე მე-8 კლასში სწავლობს და თვლის, რომ მისთვის უფრო საინტერესოა მე-9 კლასის პროგრამა (მე-8 კლასის პროგრამას უკვე ფლობს), შეზღუდვა არ ექნება“, – აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სწავლა უფასოა და დაინტერესებულმა მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ონლაინსკოლის ვებგვერდზე www.chemistry.ge/school/signup.php.

„გარდა რეგულარული სწავლებისა, ჩვენი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ქიმიის ოლიმპიადას. ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. პირველი და მეორე ტური იქნება დისტანციურად, თუმცა ონლაინ დაკვირვების პირობებში. მესამე ტური ჩატარდება უშუალო მონაწილეობით ზაფხულში. ოლიმპიადის დებულება და ჩატარების პირობები ამჟამად მუშავდება და სრული ინფორმაცია ძალიან მალე გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, არის ის ჩვენი სკოლის მოსწავლე თუ – არა.

სკოლა „ზურგჩანთა“, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და სწავლებას, ხორციელდება ასოციაციის რესურსებით. ასოციაციის წევრებს აერთიანებს ქიმიის დარგის სიყვარული და მზად არიან უანგაროდ გაუწიონ დახმარებას ქიმიის შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. რაც შეეხება ოლიმპიადის ორგანიზების ნაწილს, პროექტის ეს ნაწილი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტების ფარგლებში. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია დიდ მადლიერებას გამოხატავს ფონდის მიმართ, რომლის ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა ქიმიის ოლიმპიადის დაფუძნება“, – აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.