ონლაინსამუშაო შეხვედრა „დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში“ გაიხსნა
ონლაინსამუშაო შეხვედრა „დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში“ გაიხსნა

დღეს გაერო-ს ბავშვთა ფონდის, საქართველოს მთავრობის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით „დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში“ ორდღიანი ონლაინსამუშაო შეხვედრა გაიხსნა.

შეხვედრის მიზანია ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის შესახებ არსებული მდგომარეობის განხილვა, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის დასაჩქარებლად მთავრობის მხარდაჭერა ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. ასევე, არსებული საჭიროებების განსაზღვრა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ყველა ბავშვის ოჯახურ გარემოში გადაყვანის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრა გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ეგიდით ტარდება.

შეხვედრას ესწრებიან სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რელიგიური ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ დავით სერგეენკომ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა დგებუაძემ.