ონლაინ კაზინოების აკრძალვის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა
ონლაინ კაზინოების აკრძალვის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა

ონლაინ კაზინოების აკრძალვის მოთხოვნით ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა წარწერა „არა ონლაინ კაზინოებს“ მედეას ძეგლზე გააკრეს და ქვეყანაში ონლაინ კაზინოებისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ონლაინ კაზინოებში არასრულწლოვნების დარეგისტრირების შემთხვევები გაიზარდა.

„აუცილებლად უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, ეს ვირტუალური სამყარო არის აბსოლუტურად უკონტროლო და უამრავი ახალგაზრდის უბედურების მიზეზი. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი აიკრძალოს, ამისთვის ქვეყანა მზად არ არის, მაგრამ ეს ვირტუალური თამაშები, რომელსაც კოლოსალური შემოსავლები მოაქვს ცალკეული პირებისთვის, აუცილებლად უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ვატო ნებულიშვილმა.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას.