ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ახლად რეაბილიტირებული ავტობუსი გადასცა
ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ახლად რეაბილიტირებული ავტობუსი გადასცა

ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიისგან ოთხი ერთეული ახლად რეაბილიტირებული ავტობუსი გადაეცა. ავტობუსებს ონში სამშაბათს ჩაიყვანენ.

სამი ავტობუსი ონი-უწერა-შოვის, ონი-ირის და ონი-ამბროლაურის მიმართულებით გადაადგილებას უზრუნველყოფს, ერთი კი სათადარიგო დარჩება და საჭიროების შემთხვევაში ქალაქში დაიტვირთება.

„აღნიშნული სოფლების მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილება პრობლემა იყო, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც ეს დახმარება გაგვიწია და მომავალი კვირიდან უკვე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ადგილობრივების საჭიროებებზე მუშაობას და ეტაპობრივად, ყველა აუცილებელი პრობლემის მოგვარებას შევეცდებით”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ.

რაც შეეხება იმ სოფლებს, სადაც აღნიშნული ავტობუსები ვერ გადაადგილდება, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომსახურების შესყიდვას მერია უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მერიამ საკაოს ხეობის მოსახლეობის ტრანსპორტირება უკვე უზრუნველყო.