ონანამ სანაკრებო კარიერა დაასრულა - 26 წლის მეკარემ მუნდიალი მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა #1TVSPORT
„ინტერის“ 26 წლის მეკარემ, ანდრე ონანამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ყველაფერი დაიწყო ნგოლ ნკოკში, პატარა სოფელში, სადაც ადრეული ასაკიდან ჩემმა ოჯახმა გადმომცა ღირებულებები, რომლებიც განასხვავებენ კამერუნელ ხალხს. გავიგე, რომ ამ ქვეყნისადმი სიყვარული მარადიულია, ხოლო ვალდებულებები – უცვლელი.
მახსოვს, მთელი ოჯახით ვუყურებდი მატჩებს. მხოლოდ კამერუნელებს შეუძლიათ გაიგონ, რას ნიშნავს ჩვენთვის „მოუთვინიერებელი ლომების“ (კამერუნის ნაკრების მეტსახელი) თამაში. სწორედ მაშინ დავიწყე ოცნება იმ დღეზე, როცა ეროვნული ნაკრების მაისურს მოვირგებდი. ახლა კი, გაუთავებელი ვარჯიშების, გაუთავებელი მოგზაურობებისა და დიდი გამძლეობის შემდეგ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დიდი ოცნება ავიხდინე.
მაგრამ ყველა ისტორიას, რაც უნდა ლამაზი იყოს, აქვს თავისი დასასრული. ასე რომ, კამერუნის ნაკრებში ჩემი ისტორია დასრულდა. მოთამაშეები მოდიან და მიდიან, მაგრამ კამერუნი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ან მოთამაშე. კამერუნი მარადიულია, ისევე როგორც ჩემი სიყვარული ეროვნული ნაკრებისა და ჩვენი ხალხის მიმართ. ჩემი გრძნობები არასოდეს შეიცვლება. ჩემი გული კამერუნს ეკუთვნის და სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვიბრძოლებ იმისთვის, რომ კამერუნის დროშა მაქსიმალურად მაღლა ავწიო.
მე გავაგრძელებ ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას, როგორც გულშემატკივარი, როგორც ამას ყოველ მატჩზე 27 მილიონზე მეტი კამერუნელი აკეთებს. მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მენდობოდა და სჯეროდა, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში“, – წერს ონანა სოციალურ ქსელში.
ონანა კამერუნის ნაკრების მთავარი მეკარე იყო, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შუა პერიოდში მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი მოუვიდა. ამის გამო 26 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა. მთლიანობაში, კამერუნის ეროვნულ გუნდში მან 34 მატჩი ჩაატარა.