ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - რუსულმა ჯარებმა სუმის ჩრდილოეთ რეგიონში შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს, თუმცა დადასტურებული პროგრესი არ მიუღიათ
რუსულმა ჯარებმა სუმის ჩრდილოეთ რეგიონში შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს, თუმცა დადასტურებული პროგრესი არ მიუღიათ, – ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.
პლატფორმის ანალიტიკოსები წერენ, რომ 19 და 20 დეკემბერს რუსულმა ჯარებმა ქალაქ სუმს ჩრდილოეთით, ანდრეევკას, კონდრატოვკასა და ვარაჩინოს მახლობლად, ასევე ვისოკოეს მახლობლად რეგიონული ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეუტიეს.
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსული ძალები სუმის ოლქის სოფელ ჰრაბივსკეში შევიდნენ, საიდანაც 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი კავშირგაბმულობის დირექტორატის ოფიცრის, დმიტრო ლიხოვის ინფორმაციით, რუსული ძალების შეტევის შედეგად, თავდაცვის ძალებმა ჰრაბივსკესთან ახლოს რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს.