ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - პოკროვსკის ჩრდილოეთით და დასავლეთით რუსეთის წინსვლა შენელდა, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების მიერ მიმდინარე კონტრშეტევითი მოქმედებების გამო
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - პოკროვსკის ჩრდილოეთით და დასავლეთით რუსეთის წინსვლა შენელდა, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების მიერ მიმდინარე კონტრშეტევითი მოქმედებების გამო

დონეცკის ოლქში, პოკროვსკის და მირნოგრადის რაიონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოზიციები შეინარჩუნონ, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები კი ამ ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს როდინსკე, რომელიც პოკროვსკის ჩრდილოეთით მდებარეობს.

„რუსული ძალების წინსვლა პოკროვსკის ჩრდილოეთით და დასავლეთით ბოლო დღეებში შენელდა, სავარაუდოდ, უკრაინული ძალების მიერ მიმდინარე კონტრშეტევითი მოქმედებების გამო. როგორც ჩანს, რუსული ძალები ერთდროულად მუშაობენ მათი ალყაში მოქცევის დასასრულებლად“, – აცხადებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის ღამეს რუსეთის არმიამ ოდესის რეგიონზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა. თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 1020 ჯარისკაცი დაკარგა.