ომი, ფეხბურთი და შობა
ომი, ფეხბურთი და შობა

ეს საოცარი ამბავი პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა და სპორტის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ჰუმანურ მოვლენად იქცა. ეს იყო დღე, როცა დასავლეთის 480 კილომეტრიან ფრონტზე, ასეულობით ათასი მოსისხლე მტერი საერთო დღესასწაულმა და ფეხბურთის სიყვარულმა შეარიგა . . .

1914 წლის შობის ღამე თენდებოდა. დასავლეთის ფრონტზე სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. ევროპა ცეცხლის ალში იყო გახვეული. დღემდე არავი იცის, უკიდეგანო ფრონტის, რომელ მონაკვეთზე დაიწყო საშობაო სიმღერა პირველმა მეომარმა, თუმცა ცნობილია, რომ დღესასწაულისთვის მზადებას ჯერ გერმანელები შეუდგნენ.

ჯარისკაცებმა მორთეს ნაძვის ხეები, აანთეს სანთლები და საშობაო სიმღერა შემოსძახეს. სიმღერა სანგრიდან, სანგარს მოედო. ფრონტის მრავალკილომეტრიან ხაზზე ათეულობით ათასი ჯარისკაცის ხმა ერთმანეთს შეუერთდა. გერმანელების  სიმღერას ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები აჰყვნენ. შეწყდა სროლა. მეომრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადადიოდნენ და მტრებს შობას ულოცავდნენ, ცვლიდნენ საჩუქრებს, საჭმელს, ტკბილეულს, სასმელსა და სიგარეტებს.

მოსისხლე მტრები მეგობრებად იქცნენ და საერთო ზეიმი გამართეს. იქ, სადაც, ცოტა ხნის წინ, ტყვიამფრქვევებისა და ქვემეხების გრგვინვას ათასობით დაჭრილის განწირული ყვირილი ერთვოდა, სხვადასხვა ენაზე ამღერებული მეომრების მხიარულებამ დაისადგურა. სრულიად მოულოდნელი და სპონტანური ზავი მეორე დღესაც გაგრძელდა, როცა გერმანელები და ბრიტანელები სანგრებს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფეხბურთის სათამაშოდ შეხვდნენ. ეს მატჩი მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა გაზეთმა გააშუქა. შემორჩენილია  ფოტოები, რომლებიც ადამიანური სიკეთით სავსე, უცნაურ მატჩს ასახავს. ვუყურებთ ამ სურათებს, და ცხადად ვხედავთ სპორტის მთავარ დანიშნულებას – ქვეყნებს შორის მტრობა, მეგობრობად და ჯანსაღ შეჯიბრად, ბრძოლის ველი კი,ასპარეზობის მოედნად აქციოს.

ძნელია, წარმოვიდგინოთ უფრო დრამატული საფეხბურთო შეხვედრა. „საშობაო მატჩის“ ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო. დაპირისპირებულ ბანაკებში მყოფი ჯარისკაცები უარს ამბობდნენ ბრძოლის გაგრძელებაზე. როგორც ზოგიერთი მკვლევარი და ისტორიკოსი ფიქრობს, მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ შეიძლება პირველი მსოფლიო ომი გაცილებით ადრე დამთავრებულიყო. თუმცა, პოლიტიკოსებმა მაინც მოახერხეს ბრძოლის თითქმის ჩამქრალი ხანძრის ანთება და პირველმა მსოფლიო ომმა, მომდევნო წლებში 15 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ათეულობით ათასი ქართველის.

ანგარიშს კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საშობაო შეხვედრა, ის უიშვიათესი საფეხბურთო მატჩია, როცა ორივე მხარემ გაიმარჯვა.

დატოვე კომენტარი