ომერ ბოლატი - წინანდლის ფორუმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო, როგორც დავოსის ფორუმი კასპიისა და კავკასიის რეგიონისთვის
წინანდალში სამმხრივი ფორუმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო, როგორც დავოსის ფორუმი კასპიისა და კავკასიის რეგიონისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა.
როგორც თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
„ჩვენი ქვეყნების ლიდერების მითითებით, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრების მიზანია, ეს მაჩვენებელი 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს“, – განაცხადა ომერ ბოლატმა.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით. ომერ ბოლატის თქმით, საქართველოში ბევრი თურქი ინვესტორია.
„თურქეთიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 2,2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ავიაცია, ტრანსპორტი და სხვა. თურქი ინვესტორები მოხარულნი არიან, რომ საქართველოში იმყოფებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ ასევე ველოდებით ქართულ ინვესტიციებს თურქეთში“, – აღნიშნა ომერ ბოლატმა.
მისვე თქმით, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი კავკასიის რეგიონის მთავარი მოთამაშეები არიან საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროებში.
„შესაბამისად, ეს სამი ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერებს მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას, ხოლო მსგავსი ბიზნესფორუმები ამ მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა.