„ომეგა მოტორსის“ დირექტორმა შესაძლოა, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვოს
„ომეგა მოტორსის“ დირექტორმა შესაძლოა, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვოს

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ომეგა მოტორსის“ დირექტორი ლელი აბულაძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ „ომეგა 2“-ის დირექტორის, გიორგი ქურდაძის მსგავსად, ლელი აბულაძემაც სასამართლოში დაკითხვა მოითხოვოს.

„ომეგა მოტორსის“ დირექტორი კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიებას სრულ ინფორმაციას მიაწვდის. აბულაძის განცხადებით, ეჭვი აქვს, გამოძიება ობიექტურად არ წარიმართება.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მოწმეს სავარაუდოდ, კითხვებს დაუსვამენ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც საუბარია მაღალი თანამდებობის პირებისთვის და მინისტრებისთვის ავტომანქანების გადაცემაზე. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა უნდა დაადგინოს. გამოძიების მიერ.

დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძეც იმყოფებოდა, სადაც გამომძიებლებს განუცხადა, რომ ჩვენების მიცემას გამოძიებისთვის მხოლოდ სასამართლოს გზით აპირებს.

ხვალ თბილისის პროკურატურაში დაბარებულია ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ. ასევე გამოიკითხება ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება.