„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯითის“ დირექტორმა სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯითის“ დირექტორმა სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯითის“ დირექტორმა თბილისის პროკურატურა დატოვა. როგორც ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

„როგორც ყველა დანარჩენმა, მეც ვარჩიე, რომ მესარგებლა ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლებით და გამოკითხვა ჩამიტარდება სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით“, – განაცხადა ნიკოლოზ ასანიძემ.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სამივე კომპანიის დირექტორების გამოკითხვასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურა, სავარაუდოდ, დღესვე მიმართავს. ფანცულაია არ გამორიცხავს, ​ნიკოლოზ ასანიძე, ლელი აბულაძე და გიორგი ქურდაძე შეიძლება დღესვე გამოიკითხონ.

„ნიკოლოზ ასანიძემაც ის პოზიცია დააფიქსირა, რაც წინა ორმა დირექტორმა, რომ მზად არის, მისცეს ჩვენება და გასცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ნიკოლოზ ასანიძე ამ საქმისთვის. დღეს დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს, მისი გამოკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდეს. შესაბამისად, ჩვენ გამოძიებისგან როგორი ინფორმაციაც გვაქვს, სამივე მათგანზე აპირებენ დღესვე მიმართონ სასამართლოს გამოკითხვის მიზნით. შესაბამისად, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სამივე მათგანი დღესვე გამოიკითხოს სასამართლოში. სამივე მათგანი მისცემს ამომწურავ ინფორმაციას, რაც მათთვის ცნობილია იმ უკანონობაზე, რომელიც “ომეგა ჯგუფის”, მასში შემავალი კომპანიებისა და ტელეკომპანია “იბერიას” წინააღმდეგ ხორციელდება“, – განაცხადა ფანცულაიამ.

გუშინ თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ორი კომპანიის დირექტორი ლელი აბულაძე და გიორგი ქურდაძე იმყოფებოდნენ. მათ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვეს.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილიააუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.