„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, მედიაში გასული ჩანაწერები არა რამდენიმე, არამედ „ერთი შეხვედრის უწყვეტი ჩანაწერის სხვადასხვა სექციისგან“ შედგება
„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, მედიაში გასული ჩანაწერები არა რამდენიმე, არამედ „ერთი შეხვედრის უწყვეტი ჩანაწერის სხვადასხვა სექციისგან“ შედგება

„ომეგა ჯგუფი“ კიდევ ორ ფარულ აუდიოჩანაწერზე ექსპერტიზის ბრიტანული კომპანიიდან მიღებული დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს.

როგორც „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, კიდევ ორ აუდიო ჩანაწერს ექსპერტიზა კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანულმა კომპანია „საიფორ“-მა ჩაუტარა.

მისი თქმით, ექსპერტიზამ ჩანაწერების ავთენტიკურობა დაადასტურა და, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ვანო ჩხარტიშვილისა და მისი წარმომადგენლის განცხადებები, თითქოს მედიაში გასული აუდიოჩანაწერი იყო ექვსი-შვიდი სხვადასხვა შეხვედრის ჩანაწერის მონტაჟი.

როგორც ლევან აღდგომელაშვილმა აღნიშნა, ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე – ლევან ყიფიანისა და „ომეგას“ მენეჯერების საუბარს.

„ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარში, ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, ასევე უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში და განმარტავს, რომ „ფონდი“, ანუ „პარტია“ შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50% წილის მფლობელად. ასევე ჩუბინიშვილი ამბობს, რომ დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია „უფროსი მეგობარი“. ეს საუბარი შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიოჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიოფაილის სხვადასხვა სექციისგან.

შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ვანო ჩხარტიშვილისა და მისი წარმომადგენლის განცხადებები, თითქოს სახეზე იყო 6-7 სხვადასხვა შეხვედრის აუდიო ჩანაწერის მონტაჟი და რომ თითქოს საუბრის მონაწილეები, კერძოდ კი ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი, გულისხმობდნენ გადაიარაღების ფონდს და არა პარტიას.

მეორე არის ლევან ყიფიანისა და „ომეგას“ მენეჯერების საუბრის ამსახველი აუდიოფაილი, რომელიც ასევე „რუსთავი 2“-ისა და „იბერია ტვ“-ს ეთერში გავიდა. ჩანაწერი შედგება უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიოფაილის სამი ნაწილისგან, სადაც აზრობრივი წყვეტა არ შეინიშნება“, – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

დატოვე კომენტარი