ომბუდსმენის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანს მხოლოდ სუიციდის მცდელობის დროს მიღებული დაზიანებები აღენიშნება
ომბუდსმენის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანს მხოლოდ სუიციდის მცდელობის დროს მიღებული დაზიანებები აღენიშნება

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ნათია კუპრაშვილმა გლდანის # 8 პენიტენციურ დაწესებულებაში მირზა სუბელიანი მოინახულა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

ომბუდსმენის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანი უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასზე იძალადეს.

ნათია კუპრაშვილის თქმით, პატიმარს ახალი დაზიანებები არ აღენიშნება და მას მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, სუიციდის მცდელობის დროს მიღებული დაზიანებები აღენიშნება.

„მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის მიმართ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, მისი ცემა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად არ ადასტურებს. რაც შეეხება დაზიანებებს, პატიმარს აღენიშნება დაზიანებები ორივე ქვედა კიდურის არეში, ასევე იდაყვთან და კისრის მიდამოში. ეს იყო მცირედი დაზიანებები, მცირედი სიწითლეები, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც განახორციელა სუიციდის მცდელობა. ამ დაზიანებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ასევე ჩემს მიერ გადამოწმებული იქნა ექიმის წარმოებული ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი. აღმოჩნდა, რომ დღევანდელი რიცხვით აღნიშნულ ჟურნალში არანაირი ინფორმაცია მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება ბოლო ჩანაწერს მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, ეს იყო 2018 წლის 15 ოქტომბრის თარიღით, როდესაც მან განახორციელა სუიციდის მცდელობა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ ნაჩვენებ დაზიანებებს“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.