ომბუდსმენის მოადგილის განცხადებით, ქალებს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც ბევრი მუშაობაა საჭირო
ომბუდსმენის მოადგილის განცხადებით, ქალებს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც ბევრი მუშაობაა საჭირო

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის განცხადებით, ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი გაიზარდა, რამაც არსებული მექანიზმების გაძლიერების საჭიროებას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი.

ეს განცხადება ეკა სხილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გააკეთა.

მისი განმარტებით, ინფორმაცია არ აქვს, რამდენად იმუშავა შემაკავებელი ორდერების გამოცემამ, ვინაიდან ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი ორდერის გამოცემის შემდეგ აღარ ხდება.

„ჩვენ არ ვიცით, რამდენად იმუშავა შემაკავებელი ორდერების გამოცემამ და ვითარება რამდენად შეიცვალა, რადგან ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი შემდეგ უკვე აღარ ხდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ცნობიერება თუ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, ფემიციდის რიცხვის კლებაზე პირდაპირ არ აისახება და გასული წლის მონაცემი შენარჩუნებულია. ოჯახში ძალადობის პირობებში მაღალია როგორც ქალის მკვლელობების რიცხვი, ასევე მკვლელობის მცდელობის რიცხვიც“, – განაცხადა სხილაძემ.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, შსს-ს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, თუმცა, როდესაც მსხვერპლი სამართალდამცავ უწყებაში მიდის, ხშირშემთხვევაში, ძალადობის ისტორიის გააზრება არ ხდება. 

„არ ხდება იმის გააზრება, რომ ეს ცალკე აღებული ერთი შემთხვევა არ არის, რომ ამ ძალადობას ისტორია აქვს, მსხვერპლს კი – ძალადობის გამოცდილება. შესაძლოა, კონკრეტული ფაქტი მაღალი რისკის მატარებელი არ იყოს, მაგრამ ძალადობის ისტორიის გათვალისწინების შემთხვევაში, რისკის შეფასების მაჩვენებელი მკვეთრად იცვლება“, – განაცხადა სხილაძემ.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, ქალებს ნდობა უნდა ჰქონდეთ, რომ სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვის შემთხვევაში, მათი უფლებები დაცული იქნება, რისთვისაც ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო.

„მთავარია, რას ვთავაზობთ ქალს, როცა ის პრობლემის შესახებ ისაუბრებს, მას მეორად მსხვერპლობას ხომ არ განვაცდევინებთ. ჩვენთან მომართვის დროს, ხშირშემთხვევაში, მსხვერპლები მიუთითებენ, რომ მათი აღქმით, მოძალადის მიმართ შემწყნარებელი დამოკიდებულება იყო. ეს ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, შეხედულებებს უკავშირდება და ხშირად, პოლიციელიც ამ საზოგადოების ნაწილი, ამ სტერეოტიპების ქვეშაა“, – განაცხადა ეკა სხილაძემ.