ოლივიე ჟირუ - ბავშვობის ოცნება ამიხდა, ტიერი ანრის რეკორდი გავაუმჯობესე #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პოლონეთთან მოგებულ მატჩზე (3:1) და არ დამალა სიხარული, რომ ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„ეს ფანტასტიკაა, ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა – ტიერი ანრის რეკორდი გავაუმჯობესე. დიდ სიამაყეს ვგრძნობ, ეს რაღაც არაჩვეულებრივია, როდესაც ამის მუნდიალის მატჩის დროს ახერხებ. იმედია, ისევ გავაგრძელებ გატანას. მიხარია, რომ ჩემი გოლი რთულ თამაშში გამოსავალი აღმოჩნდა. გავრისკეთ, მაგრამ შევძელით და მეტოქეს მეორე და მესამე გოლები გავუტანეთ. ახლა თავგადასავალი გრძელდება. გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ დღევანდელი შედეგით კმაყოფილებები ვართ“, – ციტირებს ჟირუს სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
ოლივიე ჟირუ 36 წლისაა. საფრანგეთის ნაკრებში 25 წლის ასაკში, 2011 წელს მიიწვიეს და მას შემდეგ 117 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. ტიერი ანრიმ კი (1997–2010 წლებში) „მამლებში“ 123 მატჩში ანგარიშზე 51 გოლი ჩაიწერა.