ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას
ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციზე განაცხადა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ გადალახა კრიზისი და ახლა უკვე შესაძლებელია, დაიწყოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა.

„პრემიერ-მინისტრო, მეგობრებო, პირველ ყოვლისა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვარ თბილისში, საქართველოში. ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და რეგიონშიც. უნდა ვაღიარო, რომ პრივილეგიად ვიგრძენი ეს პარტნიორობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წელი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ყველანი ვებრძოდით და დღემდე ვებრძვით კოვიდ პანდემიას, თუმცაღა საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის ეტაპიც გაიარა და პოლიტიკური კრიზისიც იწვნია და ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას ამ სირთულეების გადაჭრაში და იმედი გვაქვს, ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა, არის გუშინდელი დღე. იმედი მაქვს, რომ ახლა შეგვიძლია აქცენტის გაკეთება კოვიდ-კრიზისიდან გამოსვლაზე. როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ გასულ წელს. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 78 000 ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დავეხმარეთ ქვეყანას, თუმცა იმედი მაქვს, ესეც გუშინდელი დღეა და ახლა უკვე შეგვიძლია, დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა და გადავლახოთ და დავძლიოთ ამ კრიზისის შედეგები“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დატოვე კომენტარი