ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია
ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია. აღნიშნულის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ევროკომისარს კითხვა დაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. კითხვაზე, რამდენად რეალურია ევროკავშირის გაფართოების ეს ვადა, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა:

„თუკი ეს არის საბჭოს გზავნილი, რომ საბჭოს სურს, გადადგას საბოლოოდ დიდი ნაბიჯი, რათა მოხდეს გაფართოება, ეს მისასალმებელი ამბავია. რა თქმა უნდა, ევროკომისია ყოველთვის მზადაა, წარადგინოს ინიციატივა, რომელიც ჩვენ იქამდე მიგვიყვანს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ვადების საკითხი, ვფიქრობ, ეს უფრო ნებისა და, რა თქმა უნდა, დაპირების შესრულების საკითხია – ევროკავშირის მხრიდან, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის მხრიდან.

ევროკომისია მზად არის, წარადგინოს ინიციატივა ამ მიზნის მისაღწევად და ამას თქვენ უკვე ოქტომბერში ნახავთ, როდესაც ჩვენ გვსურს, წარვადგინოთ არსებითი წინადადებები, მათ შორის ზრდის გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა უკვე განმარტა ბრატისლავაში, რომ ჩვენ დავაჩქარებთ არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციასაც, ევროკავშირში ხალხისა და ეკონომიკების რეალურ ინტეგრაციას“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ვარჰეის ასევე ჰკითხეს, რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად დაახლოებული ევროკავშირთან და რომელი ქვეყნები გაწევრიანდებიან ევროკავშირში პირველი.

„ვფიქრობ, ყველაზე ახლოს ისინი არიან, რომლებიც პირველები შეასრულებენ პირობებს. ასე რომ, მოვუწოდებ ყველა მათგანს, დააჩქარონ თავიანთი სამუშაო. ვფიქრობ, ახლა ყველა მათგანს აქვს ყველაფერი და მათ ყველაფერი ექნებათ მაგიდაზე ოქტომბერში. ასე რომ, ვიმედოვნებ, ამ ევროპული შეთავაზებით დაინტერესებული იქნება არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა მათგანი“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.