ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი დოპინგის კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი დოპინგის კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 100 მეტრზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ჯასტინ გეტლინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

The Telegraph-ის ინფორმაციით, სპრინტერი და მისი მწვრთნელი დენის მიტჩელი დოპინგის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ სკანდალში აღმოჩდნენ გარეულნი.

ჟურნალისტები ამერიკელი მძლეოსნის საწვრთნელ ბანაკს ესტუმრნენ. მათ პროდუსერული კომპანიის წარმომადგენლებად გაასაღეს თავი და გეტლინის გუნდის წევრებს აკრძალული პრეპარატების მოპოვება სთხოვეს მსახიობების შრომისუნარიანობის ამაღლების საბაბით.

მძლეოსნის წარმომადგენლები დაპირდნენ “პროდიუსერებს”, რომ კონტრაბანდის მეშვეობით იშოვნიდნენ დოპინგს.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა ჩაიწერეს გეტლინის მწვრთნელის დენის მიტჩელისა და აგენტის რობერტ ვაგნერის საუბარი. როგორც ისინი ამბობენ, დოპინგი ჯერაც ფართოდ გამოიყენება მძლეოსნობაში და შესაძლებელია, არსებული დოპინგ-სისტემისთვის გვერდის ავლა.

მწვრთნელმა ისიც დაამატა, რომ მისი შეგირდი ასევე იღებდა აკრძალულ პრეპარატებს. ახლა ამ საქმით დამოუკიდებელი სადისციპლინო ტრიბუნალიცაა (AIU) დაკავებული.

მასალების გამოქვეყნების შემდეგ, გეტლინმა თავისი უდანაშაულობის შესახებ გამოაცხადა და მწვრთნელი და აგენტი დაითხოვა.

ჯასტინი 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ის უკვე ორჯერ (2001, 2006) იყო დისკვალიფიცირებული დოპინგის მიღების გამო.