ბიატლონის ესტაფეტაში 2018 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შვედმა სებასტიან სამუელსონმა აღიარა, რომ რუსებისგან მუქარის შემცველ ანონიმურ წერილებს იღებს. ადრე შვედმა რუსი სპორტსმენები დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო გააკრიტიკა.
„რეგულარულად ვიღებ სოციალური ქსელის მეშვეობით ბოროტ კომენტარებს. მივეჩვიე კიდეც ამას. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო წერილი პირად საფოსტო მისამართზე – იქ იყო რუსეთის სიკვდილის ესკადრონის სასიკვდილო მუქარა. წერილის ავტორმა ანონიმურობა შეინარჩუნა, მაგრამ წერილი გამოგზავნილი იყო რუსეთის საიდუმლო სამსახურიდან. წერილი დაწერილია ცუდი ინგლისურით. მასზე დიდ ყურადღებას არ ვამახვილებ, მაგრამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედა. მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საკუთარ სამუშაოზე კონცენტრირებას და საქმის უკეთ კეთებას. მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ არ ვარ შეშინებული. რუსები ვერ გამაჩუმებენ. დოპინგი – მნიშვნელოვანი საკითხია და მე გავაგრძელებ მის განხილვას“, – განაცხადა სამუელსონმა SVT-სთან კომენტარში.