ოლიმპიაში სახელოვანი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას „მშვიდობის ჩირაღდნის“ აღმართვიდან 30 წელი გავიდა [ფოტო] #1TVSPORT
30 წლის წინ, 1992 წლის 5 ივნისს ოლიმპიაში აღიმართა სახელოვანი ქართველი სკულპტორის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ქანდაკება – „მშვიდობის ჩირაღდანი“, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს და საბერძნეთის კულტურულ ურთიერთობაში. სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მოეწყო შეხვედრა ქანდაკების ავტორთან – გიორგი შხვაცაბაიასთან და იმ ამბების სხვა მონაწილეებთან.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ახალდაფუძნებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, თავად ავტორის სურვილით, საქართველოს მთავრობის და ქალაქ ანტიკური ოლიმპიის მერიის მხარდაჭერით 30 წლის წინ განხორციელდა მეტად მნიშვნელოვანი კულტურული მისია. ამ პროექტით, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა ახალ ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ქართული ოლიმპიური მოძრაობის ახალ ისტორიას. სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი შხვაცაბაიას ხანგრძლივი და მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობისთვის და „მშვიდობის ჩირაღდნის“ ოლიმპიაში აღმართვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა.
სეოკ-ის დამფუძნებლებმა და მაშინდელმა ხელმძღვანელებმა – ნონა გაფრინდაშვილმა, პაატა ნაცვლიშვილმა და თენგიზ გაჩეჩილაძემ გაიხსენეს 30 წლის წინანდელი ამბები, სეოკ-ის პირველი ნაბიჯები, ქართული დელეგაციის საბერძნეთში გამგზავრების და ქანდაკების აღმართვის ისტორია.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე და საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გეორგიოს პაპანიკოლაუ. მათ საჩუქრად გადაეცათ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის ავტორობით გამოცემული „ოლიმპიური ორტომეული“.
გიორგი შხვაცაბაიამ მადლობა გადაუხადა სეოკ-ის ხელმძღვანელებს და შეხვედრის მონაწილეებს მისი ღვაწლის დაფასებისთვის.
საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ფოტოგამოფენა და ვიდეოკლიპის ჩვენება. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ოლიმპიელები, სხვა მოწვეული სტუმრები.