ოლიკო შერმადინი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება
ოლიკო შერმადინი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობაში გამოკვეთილი ძირითადი პრობლემა, საბჭოში განსხვავებული აზრის ნაკლებობაა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ იურისტმა, ოლიკო შერმადინმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს არჩეულმა არამოსამართლე წევრების უმრავლესობამ სათანადო პრინციპულობა და ინდივიდუალური ხედვები ვერ გამოავლინეს.

„ამან საბჭოს წარმომადგენელ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ დაუბრკოლებლად მიეღოთ სასურველი გადაწყვეტილებები. ასევე, გამოიკვეთა უარყოფითი ტენდენცია საბჭოს საქმიანობის გამჭირვალობის გაუარესების მიმართულებით.  კონკრეტულად, 2017 წელს უპრეცედენტოდ,  მოსამართლეობის 45 კანდიდატმა დახურა გასაუბრების ეტაპი, ასევე გვესმოდა საბჭოს წევრების განცხადებები გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო შეზღუდვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შერმადინმა.

ამასთან, მისი თქმით, საბჭომ მხარი არ დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას სასამართლოს სტრატეგიის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, რაც  დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ოლიკო შერმადინის შეფასებით, პარლამენტმა ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს.

„პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის დარეგულირება უნდა მოხდეს ისე, რომ საბჭოს ჰქონდეს ვალდებულება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება და არსებობდეს მისი გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს, მნიშვნელოვანია, მოხდეს მისი საქმიანობის ეთიკურ ჩარჩოებში მოქცევა, ვინაიდან 2017 წელს გვესმოდა ხმამაღალი, აგრესიული, არაეთიკური განცხადებები საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართ“, – განაცხადა შერმადინმა.

ამასთან, მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტიც უნდა მოაწესრიგოს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა-გათავისუფლების წესს და სხვა საკითხებს არ არეგულირებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოამზადეს. ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, საბჭოს საქმიაონობაში გამოვლენილ ხარვეზებზეა საუბარი.