ოლგა სტეფანიშინა - უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ რეგულარულ კონსულტაციებზე, რათა განიხილონ უნგრეთის ყველა შეშფოთება და გახსნან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები
ბუდაპეშტში გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინამ და უნგრეთმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგულარული კონსულტაციების დაწყების შესახებ, რათა გახსნან მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აღნიშნულის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
„უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან რეგულარული კონსულტაციები გამართონ, რათა განიხილონ უნგრეთის მხარის ყველა შეშფოთება და გახსნან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.
მისივე თქმით, ჯგუფები იმუშავებენ, „ვიდრე არ განსაზღვრავენ დავალებათა სრულ ჩამონათვალს იმ თერთმეტი რეკომენდაციის ფარგლებში, რომლებიც უნგრეთის მხარის შეშფოთების საგანს წარმოადგენს“.
ამასთან, სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას უნგრეთის მხრიდან არ მოუსმენია რაიმე რადიკალური განცხადება ან უარყოფითი გამოხმაურებები.
შეგახსენებთ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინა დღეს სამუშაო ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა.