ოლგა სტეფანიშინა - დეკემბრის სამიტზე უნგრეთის მიერ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა იქნება ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების უპასუხისმგებლობის შედეგი
ოლგა სტეფანიშინა - დეკემბრის სამიტზე უნგრეთის მიერ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა იქნება ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების უპასუხისმგებლობის შედეგი

დეკემბრის სამიტზე უნგრეთის მიერ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა იქნება ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების უპასუხისმგებლობის შედეგი, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

„საუბარია, რომ მოხდეს ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთის დარწმუნება და მათი დახმარება, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ან ცდილობს, ვეტო დაადოს ევროპის მომავალს, მათთან საუბარი და ამ ვეტოზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, თუკი 15 დეკემბერს გადაწყვეტილების მიღებისას რომელიმე ერთი ქვეყანა ვეტოს გამოიყენებს, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ქვეყნის ვეტო.

„ეს იქნება სხვების უპასუხისმგებლობა, მათი, ვინც არ აშენებს ამ კონსენსუსს, არ მუშაობს იმაზე, რომ ევროპის მომავლის უფრო ფართო სურათზე კონცენტრირდეს. ვფიქრობ, ყველას ესმის, რას ვგულისხმობ, სწორედ ასე მიგვაჩნია და სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

შეგახსენებთ, „პოლიტიკოს“ ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას.