ოლექსი გონჩარენკო - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თუ ვუწოდებთ მოდარაჯე ძაღლს და ამ ძაღლს მხოლოდ ლოკვა შეუძლია, გამოდის, რომ ეს ორგანიზაცია პუტინისა და მისი გარემოცვის ლეკვია
ოლექსი გონჩარენკო - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თუ ვუწოდებთ მოდარაჯე ძაღლს და ამ ძაღლს მხოლოდ ლოკვა შეუძლია, გამოდის, რომ ეს ორგანიზაცია პუტინისა და მისი გარემოცვის ლეკვია

ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების ღირებულებები, ამისთვის კი უნდა დავსაჯოთ ისინი, ვინც ამ ღირებულებებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება, დღეს ასეთი, 47 წევრი ქვეყნიდან ერთადერთი არის პუტინის რუსეთი, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავენ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიელ დეპუტატ შენახს მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, თუმცა ვერ ვხვდები ერთ რამეს: მისი ანგარიშის წაკითხვის შემდეგ ლოგიკური დასკვნა უნდა იყოს, რომ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ უნდა აღუდგეს. ძალიან უცნაურად მეჩვენება, რომ ამ ანგარიშის ბოლოს საწინააღმდეგოს ვკითხულობთ. მე ბევრი მოვისმინე დიალოგის აუცილებლობის შესახებ. ახლა მინდა, მოგიყვანოთ რუსეთთან დიალოგის მაგალითები. დღეს დონეცკში, უკრაინის დონეცკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩატარდება ფორუმი, სახელწოდებით „რუსული დონბასი“, რომელზეც პრეზენტაციას ჩაატარებს რუსეთის პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი. ეს გახლავთ რუსეთის სახელმწიფო არხი. თქვენი აზრით, ეს დიალოგია? რა იქნება შემდეგი ფორუმის თემა, „რუსული ბაქო“? „რუსული თბილისი“? თუ „რუსული ვილნიუსი“, ან რუსული ვარშავა, ან სულაც „რუსული სტრასბურგი“? რუსეთის დელეგაციის წევრი, ბატონი ტოლსტოი მუდამ ცდილობს, სიტყვა შემაწყვეტინოს და სწორედ ტოლსტოიმ გუშინ, რუსეთის ტელევიზიაში გამოსვლისას უკრაინას „ყალბი სახელმწიფო“ უწოდა. მანამდე ბატონმა ტოლსტოიმ უკრაინას და საქართველოს მახინჯი ჯუჯები უწოდა. ეს მან საჯაროდ თქვა. თუ ჩვენ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეას ვუწოდებთ ადამიანი უფლებების დამცველ ორგანიზაციას, ერთგვარ მოდარაჯე ძაღლს, მაშინ მიპასუხეთ, რა აზრი აქვს ძაღლს, რომელსაც კბენა არ შეუძლია და მხოლოდ ლოკავს. მაშინ ეს მოდარაჯე ძაღლი არ არის. გამოდის, რომ ეს ორგანიზაცია პუტინისა და მისი გარემოცვის ლეკვია. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ასე იყოს. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის. ადამიანის უფლებების ღირებულებები. ამისთვის კი უნდა დავსაჯოთ ისინი, ვინც ამ ღირებულებებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. დღეს ასეთი, 47 წევრი ქვეყნიდან ერთადერთი არის პუტინის რუსეთი“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა. მოგვიანებით მონიტორინგის კომიტეტმა ამ საკითხზე მოამზადა ანგარიში, რომელშიც ავსტრიელი დეპუტატი შტეფან შენახი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენის მიზნით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უპირობოდ ცნონ.