ალექსეი რეზნიკოვი - ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, ხელთათმანი ნასროლია, გამარჯვების დროა
ეს რეალობაა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვი პოლონეთში რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით. ხელთათმანი ნასროლია. გამარჯვების დროა“, – წერს „ტვიტერზე“ ალექსეი რეზნიკოვი.
მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ტრაგიკული ინციდენტის გამოძიებას.
„უკრაინა ფარია ევროკავშირისთვის და ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ თავი ტერორისტი სახელმწიფოსგან“, – ამბობს რეზნიკოვი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. სამინისტროში ადასტურებენ, რომ რაკეტის ჩავარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.