ოლეგ ნიკოლენკო - რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას, პუტინის გადაწყვეტილებას მივიჩნევთ პოლიტიკურ კომპენსაციად საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო
ოლეგ ნიკოლენკო - რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას, პუტინის გადაწყვეტილებას მივიჩნევთ პოლიტიკურ კომპენსაციად საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას მივიჩნევთ პოლიტიკურ კომპენსაციად საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს.

მისივე თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, თანხვედრაში მოიყვანოს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან, ასევე თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც უარყოფს საქართველოს ევროპისკენ შემდგომ სვლას.

„რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებაში კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას მივიჩნევთ პოლიტიკურ კომპენსაციად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ უარის თქმის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის გამო იქნა შემოღებული.

ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებისთვის მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების კურსი თბილისის მხრიდან მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, მიმდინარეობს მცოცავი ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები და თავისუფლება უხეშად ირღვევა და საქართველო რუსეთის მოქალაქეებით ივსება. კრემლი იღებს დათმობებს ისე, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ უბედურებაზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა.

2008 წელს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ საქართველოში მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში დაწინაურებით, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია, შექმნას პირობები, რომლებშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ეს დადასტურდა ბელარუსის გამოცდილებით, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შთანთქა რუსეთის ფედერაციამ. აგრესორთან დაახლოების პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერას ვერ პოულობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია საჯაროდ, განსაკუთრებით, საპროტესტო აქციებით. ამ კონტექსტში, ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას და მხარდაჭერას ქართველების მიმართ მათ ლეგიტიმურ სურვილში, ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თანხვედრაში მოიყვანოს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან, ასევე თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც უარყოფს საქართველოს ევროპისკენ შემდგომ სვლას“, – აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.