ოლეგ ფედორჩუკმა საქართველოსა და ალბანეთთან უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა - ძალიან ცუდი მოლოდინები მაქვს #1TVSPORT
უკრაინელმა სპეციალისტმა ოლეგ ფედორჩუკმა ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებთან მოახლოებულ თამაშებზე პესიმისტური პროგნოზები გააკეთა. ამის შესახებ მან გამოცემა Ukrfootball-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს, რადგან ჩვენი გუნდის ლიდერები ფორმაში არ არიან. ვერ ვიტყვი, რომ დოვბიკი „რომაში“ შესანიშნავია, სხვა სტაბილურ თავდამსხმელს კი ვერ ვხედავ. აშკარაა, რომ ზინჩენკოს მდგომარეობაც „არსენალში“ არც თუ ისე კარგია. რაც შეეხება მუდრიკს, „ჩელსიში“ ბევრს არ თამაშობს.
საქართველოსთან შეხვედრა ფრედ რომ დავასრულოთ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი აღარ დაგვრჩება. ვფიქრობ, ქართველებთან ქულას მაინც მოვიპოვებთ და ალბანეთს დავამარცხებთ, მაგრამ ეს გამარჯვება საკმარისი არ იქნება იმისათვის, ელიტარულ დივიზიონში რომ გავიდეთ“, – განაცხადა ფედორჩუკმა.
ერთა ლიგაზე გამართული ოთხი ტურის მატჩების შემდეგ უკრაინის ნაკრები 4 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ლიდერი 7 ქულით ჩეხეთია, საქართველო (6) კი მეორეზეა და ალბანეთს (6) დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.
ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინასთან გამართავს, ხოლო 19-ში ჩეხეთს ოლომოუცში ესტუმრება.