ოლე-გუნარ სოლსკიაერის მანჩესტერ იუნაიტედმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ინგლისის თასის გათამაშებაში 1/16 ფინალის მატჩები იმართება.
ამ ეტაპზე ინგლისური ფეხბურთის ორი გრანდი – არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი ლონდონში გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 3:1. ეს იყო მანჩესტერის დამრიგებლის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის ზედიზედ მერვე მოგება მას შემდეგ, რაც მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო შეცვალა.
31-ე წუთზე ალექსის სანჩესმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და იუნაიტედი დააწინაურა, ზუსტად ორ წუთში კი ჯესი ლინგარდმა სტუმრები ორი ბურთით გაიყვანა წინ. პირველივე ტაიმში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში ანტონი მარსიალმა აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა და მანჩესტერელებმა 3:1 მოიგეს.
ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი მერვედფინალში ითამაშებს.