ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ სიამოვნებით გახდებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სრულფასოვანი მწვრთნელი, მაგრამ ამაზე საუბარი გუნდის მესვეურებთან ჯერ არ ჰქონია. „იუნაიტედი“, რომელმაც ჟოზე მოურინიო სამშაბათს დაითხოვა, სეზონის ბოლოს „ტოტენჰემიდან“ მაურისიო პოჩეტინოს გადაბირებას ცდილობს და ამ დრომდე სოლსკიაერს ყველაზე მისაღებ კანდიდატად მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის ამბიციები ექვსთვიან კონტრაქტზე უფრო შორს მიდის.
„როდესაც ასეთ სამსახურს გთავაზობენ, თუნდაც ექვსი თვით იყოს, უარს ვერ ეტყვი“, – განაცხადა სოლსკიაერმა პრეს-კონფერენციაზე, – „ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო. უამრავი ადამიანია, ვისაც ძალიან სურს, „მანჩესტერის“ მწვრთნელი გახდეს და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, თუმცა პერმანენტულ კონტრაქტზე საუბარი არ გვქონია“.
ნორვეგიელის პირველი მატჩი უელსში, ადგილობრივ „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ შედგება. საინტერესოა, რომ 2014 წელს ის სწორედ ამ გუნდის მწვრთნელად დანიშნეს და სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ მოხსნეს.
როგორ აეწყობა სოლსკიაერის კარიერა მანჩესტერში, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ.