„ძველი პოგბა დაბრუნდა. ეს ის პოგბაა, რომელსაც ვიცნობდი“, – ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „ოლდ ტრაფორდზე“ ძველი პოლ პოგბა დაბრუნდა. ფრანგმა აღნიშნული „ჰადერსფილდსა“ და „კარდიფთან“ ჩატარებულ მატჩებში დაამტკიცა.
სოლსკიაერმა პოგბასთან ჯერ კიდევ 2009 წელს იმუშავა. სწორედ მისი წყალობით შედგა ფრანგის დებიუტი რეზერვებში. ამჯერად კი ნორვეგიელმა პოგბა სტადიონს დაუბრუნა.
„რა თქმა უნდა, მე ფეხბურთელებთან ვურთიერთობ და ვცდილობ, რომ თითოეულ მათგანთან მაქსიმალური დრო გავატარო. პოლი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დღეს სტადიონზე მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. „კარდიფთანაც“ შესამჩნევი იყო და ახლაც თავად გაიტანა ორი გოლი. დღეს ჩვენ ის პოგბა ვიხილეთ, რომელსაც ადრე ვიცნობდი. ის ყოველთვის ბედნიერი ბიჭი იყო, მის სახეს ღიმილი ამშვენებდა და სწორედ ეს მჭირდებოდა მისგან. დღეს წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო. ეს აუცილებელია. როდესაც ისეთი კლუბისთვის თამაშობ, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“ ბედნიერი უნდა იყო. ეს შენი, როგორც „იუნაიტედის“ ფეხბურთელის პასუხისმგებლობაა, თუმცა პასუხისმგებლობასთან ერთად ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა,“ – განაცხადა სოლსკიაერმა.