„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი „შეფილს იუნაიტედთან“ პრემიერლიგის 31-ე ტურში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (3:0) კომენტარს აკეთებს. ნორვეგიელის თქმით, გუნდი წელს მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
„დროდადრო ჩვენ ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებთ. ჩვენ შეგვეძლო და უნდა გადაგვეწყვიტა თამაშის ბედი ჯერ კიდევ შესვენებამდე. როცა პირველ ტაიმში ასე თამაშობ, შესვენებაზე დაუკმაყოფილებლობის გრძნობით გადიხარ, რადგან იცი, რომ მეტი გოლის გატანა შეგეძლო. კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ წინ კიდევ დიდი ბრძოლა გველის და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. რაც შეეხება მიზნებს, მე არასდროს მითქვამს, რომ ჩვენ მეოთხე ადგილი დაგვაკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, სამეულში შესვლა გვინდა“, – მოჰყავს სოლსკიაერის სიტყვები „გოლს“.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამჟამად 49 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლონდონის „ჩელსის“, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
დღეს, თბილისის დროით 23:15 საათზე, ლონდონელები შინ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან.