ოლაფ შოლცმა ილონ მასკის მიერ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის ფონზე, ამომრჩევლებს მოუწოდა, არ მისცენ სოციალური ქსელების მფლობელებს არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის ფონზე, ამომრჩევლებს მოუწოდა, არ მისცენ „სოციალური ქსელების მფლობელებს“ ვადამდელი არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება.
როგორც „გარდიანი“ იუწყება, საახალწლო მიმართვაში, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ „საით წავა გერმანია“ 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ.
„ამას ვერ გადაწყვეტენ სოციალური ქსელების მფლობელები“, – ხაზგასმით განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცის თქმით, გერმანული საზოგადოების ბედი „დამოკიდებული იქნება ჭკვიანი და წესიერი ადამიანების უმრავლესობაზე“. მან გერმანელებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ მანიპულაციებს და დაიცვან დემოკრატია.
„საბოლოოდ, ახალი წლის ღამეს მიღებულია სურვილების ჩაფიქრება. მე ვისურვებდი, რომ არ მივცეთ ჩვენი მოტყუების უფლება“, – თქვენა კანცლერმა.
ცნობისთვის, მანამდე ილონ მასკმა გაზეთ Welt am Sonntag-ში გამოაქვეყნა საავტორო წერილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდასაჭერად. მასკის წერილის გამოქვეყნების გამო, Welt am Sonntag-ის საავტორო სტატიების განყოფილების რედაქტორმა, ევა მარი კოგელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
გერმანიის ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალისტური კავშირის“ ბლოკის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მასკის მოწოდება „თავსმოხვეულ და თვითნებურ“ ქმედებად შეაფასა, ხოლო გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ მილიარდერი ცდილობს, გავლენა მოახდინოს 23 თებერვლისთვის დაგეგმილ არჩევნებზე.